ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველო-ესპანეთის მატჩზე დამსწრებ გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთი ექნებათ, კომენდანტის საათი არ შეეხებათ. ეს იმის ფონზე, როცა ხელისუფლებამ რელიგიურ უმცირესობებს უარი უთხრა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ერთი ღამით მოეხსნა კომენდანტის საათი.

"ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ და სხვა ყველა საჭირო ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. ბილეთების გაყიდვა, უეფას რეკომენდაციით, ონლაინ რეჟიმში მოხდება. იმ ადამიანს, რომელსაც მატჩის ბილეთი ექნება, ავტომატურად იქნება სიაში და კომენდანტის საათი არ შეეხება, თუმცა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებმა სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ", — აცხადებენ ფედერაციაში.

28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თამაშზე დაშვებული იქნება გულშემატკივართა 30%. თამაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ტარდება.