საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება არ შეჩერდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შევიტყვეთ, ასტრაზენეკას მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებულ იქნას ასტრა-ზენეკას მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში AstraZeneca-ით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", — განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ექთნის საქმეს სპეციალური კომიტეტი შეისწავლის. მისივე თქმით, მოქალაქეებს ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდიან, როცა პასუხი ექნებათ.

"საბჭოს მთავარი სამსჯელო იყო ექთანთან მიმართებაში დამდგარი ფაქტის გაანალიზება, რის საფუძველზეც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას", — განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და მის მკურნალობაზე მულტიპროფილური გუნდი იზრუნებს. მისი თქმით, კონსილიუმი დღესვე შეიკრიბება.

"კერძოდ, ექიმების მულტიპლოფილური გუნდი საღამოს ცხრა საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზე მიიღეება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება გამოსავალი პაციენტთან მიმართებაში", — განაცხადა მან.

დღეს, 18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა.

გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.

ამავე თემაზე: