რამდენიმეთვიანი დეპუტატობის შემდეგ თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტს უბრუნდება. ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.

პრემიერმინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

ამასთან, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

თეა წულუკიანი, რომელიც 8 წლის განმავლობაში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს და ქართული ოცნების ყველაზე გრძელვადიან მინისტრად ითვლება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ მე-10 მოწვევის დეპუტატი გახდა და პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ინფორმაცია, რომ წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში ჯერ კიდევ თვეების წინ გავრცელდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ცალკე სამინისტროს შექმნა განიხილებოდა. მის შესაძლო მინისტრობასთან დაკავშირებულ კითხვას კი მან უპასუხა: "თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე"