საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ექთანს აცრიდან ნახევარ საათში მძიმე ალერგიული რეაქცია — ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, მოგვიანებით კი, სამწუხაროდ, შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ვაქცინები სხვადასხვა ინფექციებისგან დასაცავად იქმნება, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში მათ, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნან საფრთხე. მათი გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე ქვეყნები რისკებსა და სარგებელს წონიან. კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებისას გამოვლენილი შესაძლო გვერდითი რეაქციების რისკი კი მისით მიღებულ სარგებელთან შედარებადიც კი არაა. ყოველდღიურად მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანი იცრება COVID-19-ის ვაქცინებით და მათ ძალიან მცირე ნაწილში სერიოზული სიმპტომების მცირე შემთხვევები, სამწუხაროდ, გარდაუვალია.

კოვიდვაქცინაზე, ამ დრომდე, ერთადერთი ფატალური სავარაუდო ანაფილაქსიური შემთხვევა საქართველოში ფიქსირდება. ამ შემთხვევის შესახებ დეტალურად საუბარს კი შესაბამისი დასკვნის არსებობის შემდეგ შევძლებთ. გაერთიანებულ სამეფოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა 41-ს. ამ 41 შემთხვევიდან არც ერთი დასრულებულა ლეტალურად. გერმანიაში კი AstraZeneca-თი 363 000 აცრილზე ანაფილაქსიური შოკის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც არც ერთი დასრულებულა სიკვდილით.

რა იწვევს ანაფილაქსიურ შოკს

უცხო სხეულებს ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა გზებით ებრძვის, რაც მოიცავს ანტისხეულების გამომუშავებას, ტოქსინების წარმოქმნას, რომლებიც კლავენ მიკრობებს და ა.შ. თუმცა, ხანდახან ინფექციისგან დაცვის მცდელობა, შესაძლოა, ამ ორგანიზმისთვისვე აღმოჩნდეს საზიანო. იშვიათ შემთხვევებში იმუნური სისტემის მცდელობა, თავი დაიცვას ინფექციისგან, ადამიანის ორგანიზმში იწვევს ქსოვილების შეშუპებას და ანთებით პროცესებს. ეს მდგომარეობა ანაფილაქსიური შოკის სახელით არის ცნობილი.

ადამიანთა ნაწილს, რომელსაც სხვადასხვა საკვებსა თუ მედიკამენტებზე ახასიათებთ მძიმე ალერგიული რეაქცია, მათი მიღების შედეგად, შესაძლოა, განუვითარდეთ ანაფილაქსიური შოკი. იგი ალერგენის მიღებიდან რამდენიმე წამის, ნახევარი საათის, ან, იშვიათ შემთხვევებში, რამდენიმე საათის შემდეგ ვითარდება. მსგავსი ალერგენი ზოგისთვის შეიძლება იყოს კონკრეტული მედიკამენტი, რომელიმე მწერის ნაკბენი, ან საკვები (მაგალითად, მიწისთხილიც კი).

ანაფილაქსიური შოკისას ადამიანის სისხლის წნევა სწრაფად ვარდება და ვიწროვდება სასუნთქი გზები. ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია და მისმა გართულებამ, შესაძლოა, ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს. აღნიშნული მდგომარეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.001% არის.

ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) განცხადებით, ანაფილაქსიური შოკი — ძლიერი ალერგიული რეაქცია, წარმოადგენს ყველა ვაქცინის ძალიან იშვიათ შესაძლო გვერდით ეფექტს. AstraZeneca-ს პროდუქტის აღწერაში აღნიშნულია, რომ აცრილი ადამიანი მინიმუმ 15 წუთის მანძილზე უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ, ალერგიული რეაქციის განვითარების გამოსარიცხად.

აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკი, სხვა ვაქცინებთან შედარებით, უფრო ხშირად ვითარდება.

გთავაზობთ 18 იანვრის ჩათვლით არსებულ მონაცემებს ანაფილაქსიური შოკის შესახებ Pfizer და Moderna ვაქცინების შემთხვევაში:

Pfizer — 9.943.247 დოზაზე დაფიქსირდა 47 შემთხვევა; მილიონ დოზაზე საშუალოდ 4.7 შემთხვევა.

Moderna — 7.581.429 დოზაზე დაფიქსირდა 19 შემთხვევა; მილიონ დოზაზე საშუალოდ 2.5 შემთხვევა.

ეს მონაცემები 5-ჯერ აღემატება ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებს გრიპის ვაქცინის შემთხვევაში.

რა შემთხვევაში უნდა გავიაროთ ექიმთან კონსულტაცია აცრამდე

ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციით, ვაქცინაციამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა ალერგოლოგთან იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა ალერგიული რეაქციის განვითარების შანსი ნებისმიერი ვაქცინის ინექციის შემთხვევაში.

გარდა ამისა, უმჯობესია წინასწარ მიმართოთ ექიმს, თუ:

  • ამჟამად გაქვთ ინფექცია და სიცხე 38 გრადუსს აღემატება;
  • თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ წამლებს;
  • თუ თქვენი იმუნური სისტემა არ მუშაობს გამართულად (იმუნოდეფიციტი), ან იღებთ წამლებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (მაღალი დოზის კორტისტეროიდები, იმუნოდეპრესანტები, ან კიბოს სამკურნალო საშუალებები);
  • თუ წარსულში გადატანილი გაქვთ ძლიერი ალერგიული რეაქცია.

"ჯერჯერობით, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ვაქცინა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე, თუმცა, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, უმჯობესია, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან", — წერია Public Health England-ის ვებგვერდზე.

აქ ასევე აღნიშნულია, რომ გრიპის ვაქცინის მიღების შემთხვევაში კორონავირუსის ვაქცინაციამდე ერთი კვირა მაინც უნდა მოიცადოთ.