ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ "არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, არც პოლიტიკიდან" მიდის. ამის შესახებ მან ფორმულასა და TV პირველის ჟურნალისტებს განუცხადა.

"რაც შეეხება მომავალს. პირველი, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", — განაცხადა გახარიამ.

"მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება", — ასე დაასრულა მან პირველი გამოსვლა მეორედწარდგენილი კანდიდატის რანგში.

18 თებერვალს, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. მან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

გახარიას გადადგომამდე ხმები მანამდეც ვრცელდებოდა, თუმცა გადადგომამდე 6 დღით ადრე მან განაცხადა, რომ არსად მიდის და ჯერჯერობით "მოდის".