ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ჯორჯ კენტმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

მისივე თქმით, ქვეყანაში გარე გამოწვევებთან ერთად, სერიოზული შიდა გამოწვევებია. ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზეც. კენტის თქმით, არჩევნები კონკურენტუნარიანად შეფასდა, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის მკაფიო ხაზი არ იყო გავლებული, რამაც არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობა გარკვეულწილად შეამცირა.

"სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესობამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა მაშინ, როდესაც კვლევების თანახმად, იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებმაც ოპოზიციას ხმა მისცა, სურდათ მათ არჩეულ დეპუტატებს მანდატებით ესარგებლათ.

ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა. მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. სიტუაციის დეესკალაციისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენება ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის მხრიდან ვერ მოხდა", — განაცხადა კენტმა.

მან, ასევე, თქვა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნის.

23 მარტს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.