"ყველა ჩვენი ლიდერი ამბობს, ვიყოთ პროევროპელები, თუმცა თქმა საკმარისი არ არის, საჭიროა რომ ვიყოთ", — განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ. თანამდებობის დატოვების შემდეგ მან პირველად ფრანგულ გამოცემა Le Monde-სთან ისაუბრა.

როგორც გამოცემა წერს, ფეისბუქპოსტში, რომლითაც საბანაძემ გადადგომაზე ინფორმაცია გაავრცელა, მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია. მათთან საუბრისას კი აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში "საქართველოს მთავრობასთან უთანხმოება" ჰქონდა.

"ამის მიუხედავად დიპლომატს არ სურს ჩაუღრმავდეს დეტალებს რათა არ გაართულოს სიტუაცია", — წერს გამოცემა.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ საბანაძე წავიდა "ევროპული მედიაციის მარცხიდან" ორი დღის შემდეგ, რომელიც მიმართული იყო მოეგვარებინა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც "ქვეყანას არყევს 2020 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ".

ნატალია საბანაძემ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელისა და ბელგიასა და ლუქსემბურუგში საქართველოს ელჩის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. მისი თქმით, გადადგომის მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყოველთვის იბრძოლებს. 22 მარტს, მან ტვიტერზე იმედი გამოთქვა, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება. მისივე თქმით, საქართველო გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს.

გაიგეთ მეტი: