კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის დასანანი იყო. ამის შესახებ მან რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.

"10-ჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი. ძალიან გასაკვირი და ეს პირადადაც ვუთხარი პირდაპირ, რომ: ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ ყოველთვის იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო. მე თან ავად გახლდით მაშინ და ტელევიზიით მოვისმინე ეს ყველაფერი. მას მე ეს გავუზიარე", — აღნიშნავს წულუკიანი.

როგორც იგი ამბობს, გახარიას წასვლა ამ ფორმით გუნდისთვის დამაზიანებელი იყო, თუმცა მისი დაბრუნება დამაზიანებელი არ იქნება. წულუკიანი აღნიშნავს, რომ არ აქვს კითხვა, რამდენად კარგია ეს, თუმცა მისი დასმის საშუალება ჯერ არ ჰქონია. ამასთან, მისი თქმით, გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების ან ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ის რეალური ოპოზიცია იქნება.