თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

მათივე ცნობით, თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.

"ეს გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა", — თქვა მან.

მისივე თქმით, ამის შემდგომ იგეგმება სხვა ღონისძიებები, კერძოდ, იქნება შესაძლებელი უშუალოდ მეწყრულ არეალში დროებითი გზების გაყვანა და კონკრეტული სამუშაოების წარმოება. ასევე, ამ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.

ამავე თემაზე: