ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობდა პრობლემის გადაჭრას, თუმცა ეს არ განმეორდა გიორგი რურუას შემთხვევაში.

"შრომის შედეგად გამოკვეთილია სამი პუნქტი: ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დეპოლიტიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა, ეს არის საარჩევნო რეფორმა, ეს არის ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი. ამას მივაღწიეთ, რომ მედიატორისგან წარმოდგენილი წინადადება დღეს, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენ მათ ვეთანხმებით. რაც შეეხება საკითხებს, დაკავშირებულს პოლიტიკურ პატიმრებთან, მელიასთან დაკავშირებით იქნა შემოთავაზებული გადაწყვეტილება, მაგრამ რურუასთან მიმართებაში არ იყო ის ის გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს სრულად ამ პრობლემის გადაჭრას, ამიტომ, ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა", — განაცხადა ჯაფარიძემ.

ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

დანიელსონის მედიაციით მხარეებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. ის საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.