გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ არ მოსწონს აქცია, რომელიც იმართება რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის გასაპროტესტებლად.

"ეს ადამიანები სახეზე მეცნობა. ეს ადამიანები ყველა პოლიტიკურ პროტესტშიც მონაწილეობენ ხომ გესმის. სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ კრიზისი გამოიწვიეს ერთობლივად. ისეთი კრიზისი, სადაც ჩხუბის გარდა სხვა მოცემულობა, სხვა საშუალება არ არსებობს. [...]

პროტესტს ხომ აქვს თავისი ხარისხი როგორი პროტესტი იქნება. ნუთ ახლა პოზნერი იმსახურებს, აი, ამ სახის პროტესტს. ანუ ჩვენ ახლა ამაზე დიდი პრობლემა, ვიდრე პოზნერის საღამოს ვახშამი, ამაზე მეტი გასაპროტესტებელი როგორ არა გვაქვს. ან ზურა ჯაფარიძესთან რომ მიდიოდა პოლიცია და კეტავდა ჯიმს, იმას, ამას იქ რატომ არ აღვშფოთდებოდით, აქაც ხომ იგივე სიტუაციაა? რა განსხვავებაა. [...]

მე არ მომწონს ის რაც ხდება. არ მომწონს ბევრი მიზეზის გამო. არ მომწონს ბევრი მიზეზის გამო, რავი, ადამიანი ჩამოვიდა და მიუვვარდით და.. ყველა არის პოლიტიკური ფიგურა, იქ ვინც არიან, ყველანი არიან ანგაჟირებული ადამიანები", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

რუსი პროპაგანდისტის და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. სამოქალაქო აქტივისტები სასტუმროსთან არიან შეკრებილები.

პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.

"მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს. მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.

ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.

"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.

გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.