დღეს, 2 აპრილის 18:00 საათიდან ვაქცინაციის პორტალზე — booking.moh.gov.ge-ზე — რეგისტრაციას 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ. აცრის გაკეთების შესაძლებლობა, მათივე შერჩეულ კლინიკაში უკვე 5 აპრილიდან ექნებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ის, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი, 31 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ სამედიცინო პერსონალისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, შემდეგ კი ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და 75 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის. ვაქცინის მსურველთა დაბალი აქტივობის გამო პროგრამა ჯერ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ახლა კი ვაქცინაციის პროცესში უკვე 55 წელზე მეტი ასაკის პირებიც ჩაერთვებიან.

26 მარტს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის და სამედიცინო პერსონალის სირცხვილი იქნება, თუ საქართველომ ვაქცინების ის მცირე დოზებიც კი ვერ აითვისა, რაც ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი.

გაიგეთ მეტი: