გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში ჰაკერებმა Facebook-ის უამრავი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს. ახლა კი, Business Insider-ის მიხედვით, უსაფრთხოების მკვლევარმა, ალონ გალმა აღმოაჩინა, რომ ჰაკერების ფორუმზე მომხმარებლებმა მთელი ეს ინფორმაცია გაასაჯაროვეს. აღნიშნული მონაცემები მოიცავს Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს, ელ-ფოსტის მისამართებს, ადგილმდებარეობას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

533 მილიონი მომხმარებლიდან, 32 მილიონი ამერიკიდანაა, 11 მილიონი — გაერთიანებული სამეფოდან, 6 მილიონი კი — ინდოეთიდან.

მონაცემების მოპოვება ჰაკერებმა 2019 წელს შეძლეს — ამ წლის აგვისტოში Facebook-ს ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციის გაჟონვა. კომპანიამ ხარვეზი მალევე გამოასწორა, თუმცა, მონაცემების გაჟონვის შემდეგ, მათ ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელების თავიდან აცილება აღარ შეუძლიათ.

როგორც გალმა აღნიშნა, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა Facebook-ს შეუძლია ისაა, რომ მათ შეატყობინონ მომხმარებლებს პრობლემის შესახებ და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდონ.