აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში გამოძიებასთან სათანამშრომლოდ ჩამოვიდა. როგორც მან თბილისის უფლებათა სახლში პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მზადაა გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს და ის ადგილიც აჩვენოს, საიდანაც გაიტაცეს.

"დიდად მოლოდინები არ მაქვს", — აღნიშნა მან. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მისი გატაცება შეთანხმებული იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, პირად პასუხისმგებლობას კი ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს. მისივე თქმით, ინფორმირებული იყო ბიძინა ივანიშვილიც.

ჟურნალისტის თქმით, მას შეუძლია გამტაცებლები იცნოს, ამასთან, იგი ყურადღებას ამახვილებს, რომ მათ სპეციფიკური, კრიმინალური პოლიციის ტანსაცმელი ეცვათ.

"აზერბაიჯანელ მთავრობას არანაირი რეპუტაცია არ აინტერესებს. ალიევს მხოლოდ პუტინის ეშინია. მაგრამ ქართული მხარისთვის ეს ძალიან ცუდი მოვლენაა. ბევრი დაკარგა საქართველოს მთავრობამ, მაგრამ აზერბაიჯანული მხარისთვის სულ ერთია. ჩემამდე ოთხი ჟურნალისტი მოკლეს".

აფგან მუხთარლი თბილისში დარჩენას დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში აპირებს. ამასთან, ამბობს, რომ ქუჩაში გადაადგილებისას თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მისივე თქმით, დარჩებოდა საცხოვრებლად თბილისში, მაგრამ ჩამოსვლისას მიანიშნეს, რომ დიდხანს არ დარჩენილიყო.

"თუ გამიტაცებენ, გამიტაცონ. რაც იქნება, იქნება", — პასუხობს ის On.ge-ს კითხვაზე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში 7 აპრილს დაბრუნდა. ის 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს მოულოდნელად აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს. ჟურნალისტი 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.

მუხთარლიმ საქართველოში ჩამოსვლა გასული წლის ოქტომბერში სცადა, თუმცა მაშინ თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს. Georgian Airways-ში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს ბორტზე ვერ აუშვებდნენ.

აფგან მუხთარლის თქმით, საქართველოში ჩამოდიოდა, რადგან უნდოდა, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულიყო. როგორც მუხთარლიმ მაშინ On.ge-ს განუცხადა თავდაპირველად უთხრეს, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა მოწესრიგებული, შემდეგ კი კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი წესები დაუსახელეს, თუმცა დასაბუთებული პასუხი მაინც ვერ მიიღო. საბოლოოდ, მას ბილეთი გაუნულეს.