ილინოისში მდებარე ამაჩქარებლის, ფერმილაბის ლაბორატორიის მკვლევრებმა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოაჩინეს. სუბატომიური ნაწილაკი, სახელად მიუონი არ ექვემდებარება ფიზიკის ცნობილ კანონებს. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

მიუონი ელექტრონს ჰგავს, მაგრამ მასზე 207-ჯერ უფრო მასიურია. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ინტენსიური მაგნიტური ველის ზემოქმედებისას მიუონები ძალიან უცნაურად იქცევიან. ეს კვანტური ფიზიკის წყალგამყოფი მომენტია. ამ აღმოჩენის დადასტურების შემთხვევაში, ფერმილაბში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა და მისმა შედეგებმა, შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ეს ფიზიკის ფუნდამენტური გაგების გადააზრებასაც შეიძლება ნიშნავდეს.

"მონაცემები რასაც ჩვენ ვზომავთ მიუონების სამყაროსთან ურთიერთქმედებას ასახავს. თუმცა, როდესაც ამ მონაცემის გამოთვლა ხდება, შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა. არადა ამისთვის ფიზიკის ყველა ფუნდამენტს ვიყენებთ, მაგრამ მაინც არ გამოდის. ეს მიანიშნებს, რომ მიუონი მგრძნობიარეა ისეთი რაღაცის მიმართ, რაც ჩვენთვის სრულიად უცნობია." — ამბობს რენე ფატემი, კენტუკის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ეს დიდ შეკითხვას აჩენს: ბუნების რა ძალა მოქმედებს მიუონზე?!

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს მატერიისა და ენერგიის ისეთი წყაროები, რომლებიც ჯერ ჩვენთვის ცნობილი არაა. შესაბამისად, ეს არ ისახება სტანდარტული მოდელით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარია ბუნების მეხუთე ფუნდამენტურ ძალაზე, რომელიც გრავიტაციას, ელექტრომაგენტიზმს, სუსტ და ძლიერ ბირთვულ ძალებს დაემატება.

ახალი ექსპერიმენტი ბრუკავენის ეროვნულ ლაბორატორიაში ჩატარებულ, 2001 წლის ექსპერიმენტების შედეგებს ადასტურებს.

"ბრუკავენის ექსპერიმენტის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, სასიამოვნოა, რომ ამ საიდუმლოს საბოლოოდ ამოვხსნით", — ამბობს ფერმილაბის მეცნიერი კრის პოლი, რომელიც ორივე ექსპერიმენტზე მუშაობდა.

ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ფერმილაბის ახალი გაზომვები არასწორია. თუმცა, საუბარია 40 000-დან ერთ შანსზე. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერები ოფიციალურად ჯერ კიდევ ვერ ადასტურებენ ბუნების მეხუთე ძალის არსებობას, მაგრამ როგორც ხედავთ, შანსები ძალიან დიდია.

კრის პოლიმ, ასევე აღნიშნა, რომ ფერმილაბში ჩატარებული ექსპერიმენტების მხოლოდ 6 პროცენტია გაანალიზებული.

"ეს შედეგები უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან დამაინტრიგებელია. თუმცა, მონაცემების გაანალიზება გაგრძელდება და მომავალ ორ წელიწადში ბევრად მეტი გვეცოდინება", — თქვა კრის პოლიმ.

"ეს ძალიან ამაღელვებელია და ისეთ მომავალზე მიგვანიშნებს, სადაც ახალ ნაწილაკებს, ძალებს და კანონებს აღმოვაჩენთ", — ამბობენ მეცნიერები.