გადავარჩინოთ რალფი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც ცნობილი მსახიობები, ტაიკა ვაიტიტი, რიკი ჯერვეისი, ზაკ ეფრონი და ოლივია მანი მონაწილეობენ. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი სპენსერ სუსერია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დოკუმენტური სტილის, "სტოპ მოუშენ" ანიმაციაა. ის მოგვითხრობს რალფზე, რომელიც პირდაპირ კამერას ესაუბრება და თავის ყოველდღიურ ცხოვრებას გვიყვება. დილის რუტინის შემდეგ მაყურებელი აღმოაჩენს, რომ რალფი საცდელი კურდღელია, რომელიც ლაბორატორიაში ცხოვრობს და იმ დღეს, თავის მეგობრებთან ერთად, "მნიშვნელოვანი" ექსპერიმენტის მონაწილეა.

გადავარჩინოთ რალფი

ფოტო: Save Ralph

ანიმაცია, #გადავარჩინოთრალფი კამპანიის ფარგლებში მომზადდა. კამპანია, რომელიც მხარს უჭერს კოსმეტიკური პროდუქტების ცხოველებზე ტესტირების აკრძალვას. ფილმის პრემიერა YouTube-ზე შედგა და მისი ნახვა ყველას შეუძლია.

ფილმი სულ რაღაც სამი წუთი გრძელდება, მაგრამ ეს დრო სრულიად საკმარისია, რომ ტაიკა ვაიტიტის მიერ გახმოვანებული რალფი შენი საყვარელი პერსონაჟი გახდეს და მის მიმართ ემპათია გაგიჩნდეს. რაფლი ძალიან პოზიტიურად გვიყვება თავისი ცხოვრების სევდიან დეტალებს, რაც მაყურებელს ილუზიას უქმნის, თითქოს იგი ბედნიერია. თუმცა დასასრული ამ შეგრძნებას სრულიად აქრობს.

"არც ერთი ცხოველი არ უნდა იტანჯებოდეს და კვდებოდეს სილამაზის სახელით", — სწორედ ეს არის ფილმის მთავარი მესიჯი.

ფოტო: Humane Society International/Ray Burmiston

ის ფაქტი რომ ფილმში, ჰოლივუდის ბევრი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს, მას მეტ პოპულარულობას მოუტანს. ზოგიერთი მათგანი, დიდი ხანია, აქტიურად იბრძვის ცხოველების უფლებების დასაცავად. მაგალითად, რიკი ჯერვეისი უკვე წლებია თანამშრომლობს ორგანიზაცია Peta-თან. ამ უკანასკნელმა კომიკოსს წლის ადამიანის ჯილდოც კი გადასცა. ხოლო, ტაიკა ვაიტიტიმ თავის ტვიტერზე დაწერა "თუ უყურებთ და არ შეგიყვარდებათ ეს ფილმი, მაშინ ცხოველები გძულთ და ჩვენ მეგობრები ვეღარ ვიქნებით".