ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაციის პროგრამა 55 წლის ზემოთ პირებისთვის გაგრძელდება, ხოლო შემდგომი გაფართოება სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის ამ ეტაპზე აღარ მოხდება.

"ექსპერტების საბჭომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია AstraZeneca-თი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი, თუ სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის ზრდის პროფესიული ნიშნით", — აღნიშნა გაბუნიამ.

რაც შეეხება მათ, ვინც უსაფრთხოდ ჩაიატარა ვაქცინის პირველი დოზა, მეორე დოზის გაკეთება კვლავ შეუძლიათ.

"გერმანიაში, AstraZeneca-ს პირველი დოზით აცრილია 2 700 000 ადამიანი. გერმანიის სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების იგივე, ან სხვა ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით. ბრიტანეთი, სადაც ჩატარებულია რამდენიმე მილიონი მეორე დოზა და არავითარი გართულება მეორე დოზაზე არ გვინახავს, უწევს რეკომენდაციას, რომ ისევ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას.

ჩვენთან ჯერჯერობით არ არის დიდი რაოდენობით ადამიანი აცრილი 55 წლის ასაკის ქვემოთ და ჯერჯერობით ვუწევთ რეკომენდაციას. თუმცა, თუ რამე შეიცვალა, ახალი გარემოება და სამედიცინო არგუმენტაცია გაჩნდება, გადაიხედება ეს გადაწყვეტილება. 15 მაისამდე არავის მეორე დოზა არ უწევს", — განაცხადა ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი ინფორმაციით, არ არსებობს პრეცენდენტი, რომ მეორედ სხვა ვაქცინის დოზა გაიკეთოს ადამიანმა. თუმცა, როგორც კულუმბეგოვი ამბობს, ეს ვერსიაც განიხილება და კვლევის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ინექციასა და თრომბოემბოლიის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადასტურა და დასძინა, რომ ეს, შეიძლება, ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტს წარმოადგენდეს.

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციის კომიტეტმა კი გასცა რეკომენდაცია, 30 წლამდე მოქალაქეებს ალტერნატიული ვაქცინები შესთავაზონ (ამის საშუალების არსებობის შემთხვევაში). აღსანიშნავია, რომ EMA-ს განცხადებითვე, ამ შესაძლო კავშირის დადასტურების მიუხედავად, ვაქცინაციის სარგებელი მისით გამოწვეულ შესაძლო რისკებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

თამარ გაბუნიას თქმით, თრომბოზულ გართულებასა და AstraZeneca-ს შორის კაშირი ძალიან მცირეა, დაახლოებით 4 შემთხვევა ერთ მილიონ მოსახლეზე, თუმცა ყურადღების გამახვილება მაინც საჭირო გახდა.