ედინბურგის ჰერცოგი და დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II უინძორის ქმარი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

"დედოფალი უდიდესი მწუხარებით იუწყება მისი ქმრის, ედინბურგის ჰერცოგის, მისი უდიდებულესობა პრინცი ფილიპის გარდაცვალების შესახებ. მისი უდიდებულესობა ამ დილით უინძორის სასახლეში გარდაიცვალა. სხვა განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება. სამეფო ოჯახი უერთდება ადამიანებს მსოფლიოს გარშემო, რომელიც მის დაკარგვას გლოვობენ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ფოტო: Chris Jackson/Getty Images

პრინცი ფილიპი 17 თებერვალს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 1 მარტიდან ის წმინდა ბართლომეს სახელობის ჰოსპიტალში აგრძელებდა მკურნალობას. ჰერცოგს ინფექცია და გულის პრობლემები აწუხებდა. მარტის შუა რიცხვებში, გულის ოპერაციის შემდეგ ჰერცოგი საავადმყოფოდან გამოწერეს.

პრინცი ფილიპის ჯანმრთელობა წლების განმავლობაში უარესდებოდა. 2017 წელს მან განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ნაკლებად იქნებოდა ჩართული და მას შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.

ფოტო: Getty Images

საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი 1921 წელს საბერძნეთის კუნძულ კორფუზე დაიბადა. ოჯახმა საბერძნეთი მალე დატოვა და საცხოვრებლად ჯერ პარიზში, მოგვიანებით კი ინგლისში გადავიდა. იმისათვის, რომ ელისაბედ მეორეზე დაქორწინებულიყო, პრინცმა ფილიპმა საკუთარ ტიტულზე უარი თქვა. წყვილი 1947 წელს დაქორწინდა. პრინც ფილიპსა და ელისაბედ მეორეს 4 შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედვარდი ჰყავთ.