საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მანამდე არსებული 4,3%-იანი პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა, რაც სავარაუდოდ, ქვეყანაში მოქმედ კორონაშეზღუდვებს უკავშირდება.

პანდემიის ფონზე დაწესებულ შეზღუდვებს ვაქცინაციის დაბალი ტემპიც ემატება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამინდელი პროგნოზი არსებულ ვითარებას ეყრდნობა და მისი გადახედვა იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაუმკლავდება ქვეყანა მოსალოდნელ გამოწვევებს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს რეგიონში ეკონომიკა ამგვარად გაიზრდება:

  • თურქეთი — ზრდა 6%-ით;
  • უკრაინა — ზრდა 4%-ით;
  • რუსეთი — ზრდა 3,8-ით;
  • აზერბაიჯანი — ზრდა 2,3%-ით;
  • სომხეთი — ზრდა 1%-ით;

საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის 11,5%-იანი, ხოლო თებერვალში 5,1%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.