შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი, გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის დააჯარიმეს ფიზიკური და იურიდიული პირები, ჯამში 22 000 ლარით. უწყება, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში 10-11 აპრილის ღამით შევიდა.

"ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს არის წინასწარგანზრახული სამართალდარღვევის სქემა, სადაც მეიჯარის, მოჯარის და ზოგადად, სუბიექტების სიმრავლით ჰქონდათ მიზანი, რომ შეენიღბათ აღნიშნული ღონისიძება. სამივე მათგანის მიმართ იქნა შესაბამისი სანქცია გამოყენებული. ფიზიკური პირის მიმართ ეს იყო 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ეს იყო 10 000 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 22 000 ლარი", — განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, სქემაში მონაწილე პირები ქვეიჯარის გამოყენებითა და მოიჯარეების სიმრავლით ცდილობდნენ სამართალდარღვევის შენიღბვას.

"ყოველი ინსპექტირების ჯერზე, გვხვდებოდა ახალი ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც იწყებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გატარება", — ამბობს ფერაძე.

ფერაძე ამბობს, რომ კონკრეტულ ფართში გასართობი ღონისძიების რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ, ინსპექტირების სამსახურმა 10 აპრილს, დილიდან დაიწყო როგორც ფართის მესაკუთრუის, ასევე მოიჯარისა და ქვემოიჯარის გაფრთხილება, რომ კანონით აკრძალულ საქმიანობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

" ... მიუხედავად ამისა, გუშინ, გვიან ღამით დაიწყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება [...] ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ სივრცეში, ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას", — ამბობს ფერაძე.

8 აპრილიდან სპეციალური დადგენილებით აიკრძალა მასობრივი, სოციალური და გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა.