თუ ისეთ სტატიას ეძებთ, სადაც მოგიყვებიან, როგორ ბედნიერად ცხოვრობენ ცხოველები ფერმებში, როგორ სიამოვნებით გვინაწილებენ ხბოები თავიანთ საჭმელს და როგორი სიხარულით მიყვებიან ისინი ფერმერებს სასაკლაოსკენ, მაშინ წინასწარ გეტყვით, რომ აქ მსგავსს ვერაფერს ნახავთ. არც ცხოველთა უფლებებისა თუ უკეთესი კვების სტილის შესახებ წაიკითხავთ ქადაგებას და არც იმას გაიგებთ, სინამდვილეში რა პროცესებს გადის ხორცი თქვენამდე მოსასვლელად. ამ სტატიაში მხოლოდ იმაზე მოგიყვებით, თუ რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ცხოველური პროდუქტების ჭარბი მოხმარებით და რატომ არის სრული აბსურდი იმის თქმა, რომ რომ "რამდენიმე" ადამიანი თუ ცხოველურ პროდუქტებზე იტყვის უარს, ამით "არაფერი გამოსწორდება".

მეცხოველეობის ინდუსტრიას გარემოზე მრავალფეროვანი გავლენა აქვს. ეს სექტორი მიწის რესურსების ყველაზე დიდ ანთროპოგენულ მომხმარებელს წარმოადგენს და დიდი წვლილი შეაქვს ისეთ პროცესებში, როგორებიცაა ნიადაგის დეგრადაცია, ჰაერის დაბინძურება, წყლის რესურსების შემცირება და ა.შ.

თუმცა, მეცხოველეობის გავლენას გარემოზე ხშირად საკმარისად ვერ აფასებენ — გარდა ხორცის, კვერცხის, რძის პროდუქტებისა თუ ტყავის წარმოებისა, მეცხოველეობა ასევე მოიცავს მარცვლეული პროდუქტების მოყვანას, რომლებიც ამ ცოცხალი ორგანიზმების გამოსაკვებადაა საჭირო და რომლებიც, თავის მხრივ, დიდი რაოდენობით მიწისა და წყლის რესურსებს, ენერგიასა და ქიმიურ ნივთიერებებს მოიხმარენ. ეს ყველაფერი კი გარემოში შეუქცევად პროცესებს იწვევს.

მეცხოველეობის გავლენა გლობალურ დათბობაზე

ფოტო: Leon Ephraïm via Unsplash

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, რომელიც XVIII საუკუნის შუა ხანებში დაიწყო, გლობალური ტემპერატურა საგრძნობლად გაიზარდა და გლობალური დათბობა შეუქცევად პროცესად იქცა. კლიმატის ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ატმოსფეროში ჭარბი რაოდენობით სათბურის აირების გაფრქვევაა. აღსანიშნავია, რომ სათბურის აირების კონცენტრაციამ 1970-2004 წლებში 70%-ით მოიმატა.

მეცხოველეობის ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ და ძლიერ ეფექტს გარემოზე სწორედ ატმოსფეროს დაბინძურება წარმოადგენს. არსებული მონაცემებით, ელექტროენერგიის ინდუსტრიის შემდეგ, ატმოსფეროს ყველაზე დიდი დამაბინძურებელი მეცხოველეობის ინდუსტრიაა და ანთროპოგენული გზით გამოყოფილი სათბურის აირების 14.5%-ზე სწორედ ეს დარგია პასუხისმგებელი.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მეცხოველეობის ეფექტი ატმოსფეროზე იმდენად დიდია, რომ იგი ტრანსპორტით გამოწვეულ დაბინძურებასაც აჭარბებს, რომელზეც ატმოსფეროს დაბინძურების 13% მოდის.

ფოტო: www.milliondollarvegan.com

ხორცის, კვერცხისა და რძის პროდუქტების წარმოების თითქმის ყოველ ეტაპზე გამოიყოფა სათბურის აირები, რომელთაგან აღსანიშნავია ნახშირორჟანგი (CO2) — გლობალური ემისიის 9%, მეთანი (CH4) — გლობალური ემისიის 35-40%, აზოტის ოქსიდი (N2O) — გლობალური ემისიის 68%, ამიაკი (NH3) — გლობალური ემისიის 64%. გარდა ატმოსფეროს ტემპერატურის მატებისა, ამიაკის კონცენტრაციის ზრდა მჟავა წვიმების წარმოქმნასაც უწყობს ხელს.

აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2004-2019 წლებში ღორების მეურნეობის გზით გამოყოფილი მეთანის რაოდენობა ატმოსფეროში 37%-ით გაიზარდა, რქოსანი პირუტყვის მეურნეობის გზით კი — 50%-ით, რაც ცხოველურ პროდუქტებზე გაზრდილ მოთხოვნას და, შესაბამისად, ამ პროდუქტების წყაროს უფრო ინტენსიურ გამრავლებას უკავშირდება. (გასული 100 წლის მანძილზე, მოსახლეობის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდა მოთხოვნა ცხოველურ პროდუქტებზე. 1999 წელს ერთი წლის მანძილზე დედამიწის მოსახლეობა 229 მილიონ ტონა ხორცს მოიხმარდა. მეცნიერების შეფასებით, ეს რიცვხვი 2050 წლისთვის 465 მილიონ ტონას მიაღწევს, რძის ნაწარმის შემთხვევაში კი — ეს მაჩვენებელი 580 მილიონი ტონიდან 1043 მილიონ ტონამდე გაიზრდება.)

რაც შეეხება ზღვის პროდუქტებს, 2011 წლის მონაცემებით, მხოლოდ ერთ წელში ეს სექტორი ატმოსფეროში 179 მილიონი ტონა სათბურის აირების გამოყოფაზე იყო პასუხისმგებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, სავარაუდოდ, დღეისთვის, ეს მაჩვენებელიც გაზრდილია.

ფერმებში მცხოვრებ მილიარდობით ცხოველს, რა თქმა უნდა, საკვებიც სჭირდება, რომელთა მოსაყვანად ფერმერები სასუქებს იყენებენ. ამ უკანასკნელის წარმოების შედეგად, ყოველწლიურად, საშუალოდ 41 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

გლობალურად, ცხოველთა გამრავლებისა და მათი საკვების მოყვანის მიზნით ტყეების განადგურების შედეგად ყოველწლიურად 2.4 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ამჟამინდელი მონაცემებით, ტყეები ატმოსფეროდან ანთროპოგენული გზით წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ერთ მეოთხედს შთანთქავენ, შესაბამისად, ტყეების ჩეხის შედეგად მცირდება მათ მიერ შთანთქმული ნახშირორჟანგის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს.

მიწის რესურსები

ფოტო: Kevin Lehtla

ცხოველთა გამოკვება, გამრავლება, შემდეგ მათი დახოცვა და მათგან პროდუქტების წარმოება დიდი რაოდენობით მიწის რესურსებს მოითხოვს. მეცხოველეობის ფერმები უკვე იკავებენ პლანეტის ხმელეთის ერთ მესამედს და სოფლის მეურნეობის მიწების ორ მესამედზე მეტს. სხვანაირად, დედამიწის ვარგისი მიწების 50% სოფლის მეურნეობაზე იხარჯება, ამ უკანასკნელის 83% კი — მეცხოველეობაზე. (აქ გათვალისწინებულია ის მიწებიც, რომლებიც საძოვრებისთვისა და ცხოველების საკვების მოსაყვანად გამოიყენება).

ცხოველურ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდამ და მიწის რესურსების სიმცირემ ამ ინდუსტრიას ახალი თავსატეხი გაუჩინა, თუმცა გამოსავლის პოვნა არც ისე რთული აღმოჩნდა — მიწები, რომლებსაც ფერმერები მეცხოველეობისთვის თუ მარცვლეულის მოსაყვანად იყენებენ, არა ჰაერიდან, ან აქამდე აღმოუჩენელი კონტინენტებიდან, არამედ ტყის გაჩეხვის შედეგად ჩნდებიან.

ყველა სიკეთესთან ერთად, ტყის მასიური ჩეხა იწვევს გარეული ცხოველების მთელი რიგი სახეობების გადაშენებასა და პოპულაციების მოსპობას. ყოველდღიურად, ტყეების განადგურების შედეგად, ცხოველების, მცენარეებისა და უნიკალური მწერების 137 სახეობა იკარგება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბოლო 65 მილიონი წლის მანძილზე ეს ყველაზე მასიური გადაშენების პროცესია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მეცხოველეობა გარემოს არნახულ ზიანს აყენებს, შინაური ცხოველების პროდუქტის წარმოება გარკვეულ ეკოსისტემებში, როგორიცაა უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ზონები, ხელსაყრელიც კია და საკვების წარმოების ყველაზე კარგად ადაპტირებად სისტემას წარმოადგენს — ამ რეგიონებში, ცვალებადი კლიმატის პირობებში, მიწათმოქმედებასთან შედარებით მეცხოველეობა ბევრად რაციონალური და ეფექტიანი გამოსავალია ადამიანების გამოსაკვებად.

წყლის რესურსები

ფოტო: Tobias Keller

მეცხოველეობის ინდუსტრია არც წყლის რესურსებს ინდობს, განსაკუთრებით კი ეს მტკნარ წყალს ეხება — ამ უკანასკნელის დაახლოებით 92% სოფლის მეურნეობაში გამოიყენება, მისი 1/3 კი ცხოველური პროდუქტების წარმოებაზე იხარჯება.

ნარჩენები და დაბინძურება

ფოტო: menafn.com

ატმოსფეროსთან ერთად, მეცხოველეობა ხმელეთსა და წყალსაც არანაკლებ აბინძურებს. ცხოველთა ნარჩენები, პესტიციდები, ანტიბიოტიკები, ჰორმონები თუ სასუქები დიდ როლს თამაშობენ სანაპიროების მკვდარ ზონებად ქცევასა და მარჯნის რიფების დეგრადაციაში. ისინი მარტივად ხვდებიან სხვა ცოცხალი ორგანიზმების და, მათ შორის, ადამიანების კვებით ჯაჭვში და ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემების წარმოქმნას უწყობენ ხელს. ამ ნივთიერებების წყალში ჩასვლამ, შესაძლოა, გამოიწვიოს წყლის ევტროფიკაცია, და, შედეგად, ზღვის ეკოსისტემების განადგურება.

დღეს დიდი ფერმები იმაზე მეტად აბინძურებენ წყალს, ვიდრე სხვა ყველა ინდუსტრიული წყარო, ერთად აღებული. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) განაცხადა, რომ წყლის რესურსების მთავარ დამაბინძურებელს ცხოველთა ნაწილები და შინაურ ფრინველთა ექსკრემენტები წარმოადგენენ.

ნარჩენების რაოდენობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ აშშ-ში ეს ინდუსტრია წამში 52 600 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის. ასევე, 2500 მეწველი ძროხის ფერმა იმავე რაოდენობის ნარჩენებს აგროვებს, რამდენსაც ერთი ქალაქი 411 000 მოსახლით.

საკვები რესურსები და შიმშილის პრობლემა

ფოტო: english.mathrubhumi.com

პლანეტის მოსახლეობა ყოველწლიურად იმატებს და იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც შიმშილის ზღვარს მიღმა იმყოფებიან (მათ მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც დღიურად 1 800 კალორიაზე ნაკლებს იღებენ). მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში წარმოებული საკვები სრულიად საკმარისია პლანეტის მოსახლეობის გამოსაკვებად, 690 მილიონი ადამიანი მაინც შიმშილით იტანჯება, რაც რესურსების არათანაბარ გადანაწილებაზე მიანიშნებს.

თუმცა, რადგან მეცხოველეობის ფერმებზე ვსაუბრობთ, მაინც გეტყვით, რომ დღეს მიწათმოქმედების შედეგად მიღებული მოსავლის 40% სწორედ შინაური ცხოველებისა და ფრინველების გამოსაკვებად გამოიყენება და რომ, თეორიულად, ამ რესურსის ნახევარიც კი საკმარისი იქნებოდა შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების გამოსაკვებად.

იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის რესურსები იხარჯება მეცხოველეობის სექტორზე და რამდენად დიდ ზიანს აყენებს იგი პლანეტას თავისი არსებობით, ალბათ, ლოგიკურად, მისგანაც საკმარის სარგებელს უნდა ვიღებდეთ და ამ ყველაფერს ასე ტყუილად არ უნდა ვთმობდეთ. თუმცა, ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ცხოველური პროდუქტები ადამიანის მიერ მიღებული კალორიების მხოლოდ 18%-ს უზრუნველყოფს.

ვეგანური დიეტა გლობალური დათბობის წინააღმდეგ

ხორცისმჭამელებისგან ხშირად მსმენია ის პესიმისტური "გამართლება", რომ ერთი ადამიანი თუ ცხოველურ პროდუქტებზე იტყვის უარს, ამით არაფერი შეიცვლება. მართალია, მხოლოდ ერთი ადამიანი ბევრს ვერაფერს გამოასწორებს, თუმცა ვეგანების და ვეგეტარიანელების რიცხვი მუდმივად მატულობს და დღეს, ეთიკური თუ ჯანმრთელობის მიზეზებიდან გამომდინარე, მსოფლიო მოსახლეობის 8% არის ვეგანი, ვეგეტარიანელი, ან რომელიმე შუალედურ კვების სტილს მისდევს.

მკვლევრების შეფასებით, ერთ დღეში ერთი ვეგანი საშუალოდ 4 164 ლიტრ წყალს, 20 კილოგრამ მარცვლეულს, 2.8 კვადრატულ მეტრ ტყესა და 10 კილოგრამ ნახშირორჟანგს ზოგავს.

ფოტო: dkt6rvnu67rqj.cloudfront.net

ბოლოს კი უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ სოფლის მეურნეობამ სრულიად ახალი სახე მიიღო — მსხვილი ფერმების დიდი ნაწილი ცხოველური პროდუქტების წარმოებისთვის ინტენსიურ პრაქტიკას მიმართავს, რაც საშინელ პირობებს უქმნის როგორც ფერმერებს, ასევე ცხოველებსა და ფერმების გარშემო მცხოვრებ მოსახლეობას.

ფოტო: www.peta.org

ცხოველებისადმი არაადამიანური მოპყრობა და გარემოს მიმართ არამდგრადი ტენდენცია ფერმის ცხოველებს წარმოების ერთეულებად აღიქვამს და მხოლოდ მათი პროდუქტიულობის გაზრდაზეა ორიენტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ცოცხალი არსებები საშინლად ვიწრო სივრცეებში არიან გამომწყვდეულნი, სადაც მათი ბუნებრივი ქცევა შეზღუდულია, მათ უჭირთ მიღებული საჭმელის საკვებ ცილად გარდაქმნა. ბოლოსდაბოლოოს, თუ დავფიქრდებით, ხორცის მიღების მთავარ მიზეზს არა გემრიელი ბურგერებისა და ქათმის ფრთების მირთმევა, არამედ ჯანსაღი კვება წარმოადგენს.

შესაბამისად, თუ ეს ცხოველები საკვების წარმოების მანქანებად მიიჩნევიან, მაშინ ისინი ძალიან არაეფექტიანი მანქანები არიან, რომლებიც საშინლად აბინძურებენ გარემოს.