სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 151 ათასი ოჯახისთვის სოციალური შემწეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 296 ადამიანით (18,2%) გაიზარდა და 541 764 შეადგინა — ეს საქართველოს მოსახლეობის 14,5%-ია.

დახმარების მიმღებთა რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად მასშტაბურია სიღარიბე ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში. ბოლო მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მესტიის რაიონში, სადაც მარტში სოციალური შემწეობა ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 65,9%-მა მიიღო.

ასეთია იმ 10 რაიონის ჩამონათვალი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობასთან მიმართებით ყველაზე მეტი ადამიანი იღებს:

  • მესტიის რაიონი — ადგილობრივი მოსახლეობის 65,9%, 6 129 ადამიანი;
  • ამბროლაურის რაიონი — მოსახლეობის 48,9%, 4 353 ადამიანი;
  • ონის რაიონი — მოსახლეობის 48,7%, 2 968 ადამიანი;
  • ლენტეხის რაიონი — მოსახლეობის 47,2%, 2 077 ადამიანი;
  • ცაგერის რაიონი — მოსახლეობის 41%, 4 224 ადამიანი;
  • ქედის რაიონი — მოსახლეობის 40,5%, 6 839 ადამიანი;
  • ხულოს რაიონი — მოსახლეობის 37,9%, 8 901 ადამიანი;
  • ზუგდიდის რაიონი — მოსახლეობის 36,1%, 22 504 ადამიანი;
  • დმანისის რაიონი — მოსახლეობის 36,1%, 6 860 ადამიანი;
  • ხარაგაულის რაიონი — მოსახლეობის 35%, 6 827 ადამიანი;

აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა დაბალი მაჩვენებლით გამოირჩება ქალაქი მცხეთა, სადაც მარტში 305 ადამიანმა მიიღო შემწეობა — ეს ადგილობრივი მოსახლეობის 3,1%-ია. მსგავსი მონაცემი ფიქსირდება ვაკე-საბურთალოს რაიონშიც, თბილისში, სადაც გასულ თვეში დახმარება მოსახლეობის 4,2%-მა მიიღო (10 175 ადამიანი).

რაც შეეხება ბიუჯეტს, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის 30 150 705 ლარი გადაირიცხა, ეს მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდში გაცემულ დახმარებაზე 1 327 114 ლარით მეტია.

2020 წელს მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამისთვის 339 277 444 ლარი გაიცა, ხოლო მიმდინარე წლის სამი თვის მდგომარეობით ბენეფიციარებისთვის 89 818 591 ლარია გადარიცხული.