მსოფლიოში პირველად, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ადამიანის და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს.

კვლევის მიზანია გადანერგვისთვის ადამიანების ორგანოების დამზადების გამარტივება. კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

ტრანსპლანტაციისთვის ხელმისაწვდომი ორგანოების მოძიება ყოველწლიურად უფრო რთულდება. კონკრეტული კვლევა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს.

ექსპერიმენტის დროს, მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები ექვსი დღის მაკაკის ემბრიონებს შეურიეს. ადამიანის უჯრედები 132-ივე მაკაკის ემბრიონში თავისუფლად ადაპტირდნენ. თუმცა, ათი დღის შემდეგ 103 ქიმერა ემბრიონი იყო დარჩენილი, ხოლო 19 დღის შემდეგ, მხოლოდ სამი. ამის შემდეგ, კვლევა შეწყდა.

"მიღებული ცოდნა ძალიან გამოგვადგება. მომავალში ეს ცხოველებში ადამიანების ორგანოების გაზრდაში დაგვეხმარება, რაც ნამდვილად სასიხარულოა." — განაცხადა კვლევის ავტორმა, ჟან კარლოს იზპისუამ.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანი ახალი არსების შექმნა არ არის. მათ სურთ გაიგონ თუ როგორ ურთიერთქმედებენ სხვდასხვა ორგანიზმების უჯრედები და რა დადებითის მიღება შეიძლება ამით.

თავად ფაქტი, რის მიხედვითაც, ადამიანის უჯრედები სხვა არსების ემბრიონში ასე სწრაფად იზრდება, ბევრზე მეტყველებს და ეს შეიძლება დიდი პროგრესის საწინდარი იყოს.

საბოლოოდ, მკვლევარებს სურთ გაიგონ, შეძლებენ თუ არა წამლების დამზადების ახალი გზების გამონახვას. ამასთან, ეს მნიშვნელოვანია ტრანსპლანტირებადი უჯრედების, ქსოვილების და ორგანოების წარმოების მხრივაც.