ქართული ოცნების დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შეთანხმების ახალ დოკუმენტზე ოპოზიცია "დესტრუქციულ" განცხადებებს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ "კომპრომისზე წასვლის ინტერესი არ აქვთ". იონათამიშვილი არ პასუხობს კითხვას, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს ქართული ოცნება.

"საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმეტესობა ამ ახალ ვერსიასაც კი არ აწერს ხელს და აკეთებენ ყოველნაირად დესტრუქციულ განცხადებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, რაიმე სახის კომპრომისზე წავიდნენ, რომ თუნდაც მცირედი კონსტრუქციულობა შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში და როგორც ჩანს, ერთადერთი, მათი ამოცანა არის ის, რომ არჩევნების გარეშე მიხეილ სააკაშვილს გადაბარდეს ხელისუფლება, რაც არის ბოდვა და არასდროს არ მოხდება", — განაცხადა იონათამიშვილმა.

18 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.

დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: