ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, იმ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

"ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი და ამ მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობა ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს შემდეგი მიზეზების გამო — პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტპატიმრების გამოშვების თემა, აქ არის საუბარი გირაოზე და თქვენ იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას შემთხვევაში, აქ არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის ამ შეთანხმებაში, არის ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს, ასევე, იმ ადამიანებს, იმ საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით, ძალადობით ზიანი მიაყენა იმ ადამიანებს, ვინც გამოხატავდა თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ", — განაცხადა მინაშვილმა

ქართულ ოცნებაში 19 აპრილს განაცხადეს, რომ მზად არიან ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე განხილვა დაიწყონ. მათივე თქმით, თუ გიორგი რურუას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს, ისინი კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ.

გარდა ამისა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ლელოს ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეების შეფასება სასამართლო სფეროში არსებული ექსპერტების ჩართულობით უნდა მოხდეს, რათა ამ საქმეებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გამოირიცხოს.

"ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე - ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას — ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული", — აცხადებენ პარტიაში.