პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარია განცხადებით, მან ევროპული საქართველო დატოვა და სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნის. ის საკუთარ ფეისბუქზე წერს, რომ არ მიაჩნია "კეთილსინდისიერად" ისარგებლოს იმით, რაც მას არ ეკუთვნის.

"მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია — ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა.

შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაო კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში პოლიტ პატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება. როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა", — წერს ის.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო 28 დეკემბერს დატოვა. მან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი თავისუფლებით, სითამამითა და დამოუკიდებლობით, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. მან 8 მარტს ახალი პოლიტიკური მოძრაობა, დროა დააარსა.

18 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.

გირჩმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა და პარლამენტშიც მივიდა. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ამ სახით დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის ეგიდით 30 მარტის შეთანხმებას 16 აპრილს მოაწერა ხელი.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დოკუმენტს ზუსტად შემოთავაზებული სახით აწერენ ხელს და შესაბამისად, პარლამენტი იმსჯელებს და მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიასაც. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ.

ამავე თემაზე: