რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობის დაწყების წინაპირობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა არ არის.

"ეს [გირაოს გადახდა] არ არის წინაპირობა ამნისტიის კანონის შესამუშავებლად. ეს დააზუსტეს და ასე გვითხრა ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელმა პირდაპირ — თუ არ გამოდის გირაო, ერთი კვირის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს ეს კანონპროექტი. გირაო იყო შემოთავაზებული იმიტომ, რომ ეს მყისიერად გაათავისუფლებდა ნიკა მელიას და აი ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ჩვენს პარტნიორებს", — განაცხადა სამნიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

იგი გამოეხმაურა დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ამნისტიის აქტის მიღებამდე უნდა გადაიხადონ მელიას გირაო.

"ირაკლი ქადაგიშვილი ცდება. მას შეუძლია კითხვა დაუსვას ბატონ შალვა პაპუაშვილს, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას", — განაცხადა სამნიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქადაგიშვილის მსგავსი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც. მან თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მელიას გირაოს გადაიხდიდა.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება უნდა მოახდინონ "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

"კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება", — წერია შეთანხმებაში.

19 აპრილს დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ინდივიდუალურად აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. 20 აპრილს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმაც.