სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ბევრი ფორმა არსებობს. ამის შესახებ მან მელიასთან საპატიმროში შეხვედრის წინ განაცხადა.

"ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი გამოიყენოს და საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი და ახალი გარემოებების საჭიროებების გამო. ბევრი ვარიანტი არსებობს", — აღნიშნა ომბუდსმენმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს 19 აპრილს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროისთვის, მიშელის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას სრულად არ იზიარებენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, მოქალაქეები, რესპუბლიკური პარტია. ასევე, წინადადებას ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ. გარდა ამისა, დოკუმენტს აქვს გახარიას გუნდის, ასევე, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატების, აწ უკვე ევროპელი სოციალისტების ხელმოწერა.

დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და მოიცავს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასაც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: