ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო. მას 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გასული წლის მაისში დაკავებისას პოლიციის მხრიდან აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ აშშ-ში აქციების დიდი ტალღა გამოიწვია. მოქალაქეები რამდენიმე კვირის გარშემო ქუჩაში გადიოდნენ და სისტემური რასიზმის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მასშტაბური აქციები ჩატარდა ევროპაშიც.

დერეკვ შოვინი დამნაშავედ სცნეს მეორე და მესამე ხარისხის მკვლელობებში, ასევე, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. გადაწყვეტილებისთვის 12-ვე ნაფიცი მსაჯულის ერთიანი პოზიცია იყო საჭირო.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სამი კვირის განმვალობაში გრძელდებოდა. ნაფიცმსაჯულებმა 45 მოწმეს მოუსმინეს, მათ შორის ექიმებს, ძალისმიერი დაკავების ექსპერტებს, პოლიციის თანამშრომლებსა, გამვლელებს და ფლოიდის ნაცნობებს.

დერეკ შოვინის ადვოკატი, ერიკ ნელსონი ამტკიცებდა, რომ "ნებისმიერი რაციონალური პოლიციელი" იმავეს გააკეთებდა, როცა დიდი აღნაგობის პირი დაკავებისას წინააღმდეგობას გიწევს. გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, რაც მიღებულმა ნარკოტიკებმა გამოიწვია.

ამასთან, ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ფლოიდის სიკვდილის უშუალოდ პოლიციელის ქმედებების შედეგი იყო. ისინი მთავარ მტკიცებულებად ვიდეოკადრებს იყენებდნენ, რომელიც თვითმხილველებმა გადაიღეს. პროკურორების თქმით, ეს არა დაკავების მცდელობა, არამედ მკვლელობა იყო.