Apple-მა წლის პირველი ღონისძიება გუშინ გამართა და საკმაოდ დატვირთულიც გამოუვიდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი შემოგვთავაზა და მათ მიმოხილვას სწორედ ამ სტატიაში იხილავთ.

ახალი iPad Pro

Apple-ის ახალი iPad Pro-ები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ფლაგმანურმა ტაბლეტებმა ახალი, M1 პროცესორი მიიღეს, რომელსაც MacBook Air-ში, MacBook Pro-სა და Mac Mini-ში ვხვდებით.

განახლება შეეხო ეკრანსაც და 12,9 ინჩიანი მოდელის პანელი ამჯერად MiniLed ტექნოლოგიით იქნება შექმნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკრანი 10 000 მინი ლედ ნათურას გამოიყენებს. Apple ამას Liquid Retina XDR ეკრანს ეძახის.

ორივე, 11 ინჩიანიც და 12,9-იანი აიპადიც, ახალ 12 მეგასპიქსელიან ულტრა ფართო წინა კამერას მიიღებენ, რომელსაც ობიექტზე ფოკუსის მიყოლება შეეძლებათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვიდეო ზარების დროს მუდამ ფოკუსირებული დავრჩეთ.

ტაბლეტებზე წინასწარი შეკვეთები 30 აპრილიდან დაიწყება, ხოლო ხელმისაწვდომი მაისის შუა რიცხვებიდან გახდება. 11 ინჩიანი მოდელის ფასი 799 დოლარი იქნება, ხოლო 12,9-იანი ტოპ მოდელის ფასი 1 099 დოლარი იქნება.

განახლებული iMac

Apple-მა, ღონისძიებაზე, სრულიად განახლებული დიზაინის მქონე iMac წარადგინა, რომელმაც განახლებული M1 პროცესორიც მიიღო. ახალი აიმაკი ძალიან თხელია, ეკრანის ზომა 24 ინჩს შეადგენს და 1080p გარჩევადობის მქონე FaceTime კამერა აქვს. iMac-ები 7 ფერში იქნება წარმოდგენილი, რაც Apple-ისთვის ასევე სიახლეა. მას თან ასევე მოყვება ახალი უსადენო კლავიატურა, რომელსაც თითის ანაბეჭდის სენსორიც ექნება.

ახალი iMac-ის ფასი საბაზისო მონაცემებითა და ოთხი ფერის არჩევანით 1 299 დოლარიდან დაიწყება, ხოლო თუ მეტი მონაცემები და დამატებით სამ ფერს შორის არჩევანი გვსურს, მაშინ 1 499 დოლარის გადახდა მოგვიწევს.

Apple-ის სრულიად ახალი მოწყობილობა — AirTag

AirTag-ების შესახებ უკვე წლებია დადის ხმები. ეს პატარა მოწყობილობა უკავშირდება თქვენს ნივთებს და მათ ძებნაში გეხმარებათ. მის გამოყენებას Find My აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ. AirTag-ები გაყიდვაში პარასკევს ჩაეშვება და მათი ფასი 29 დოლარიდან დაიწყება. თუ ოთხ ცალს ერთად აიღებთ, მაშინ ფასი 100 დოლარო გამოვა.

iPhone 12 განახლებულ ფერს მიიღებს

Apple-მა ღონისძიებაზე iPhone 12-ისა და iPhone 12 mini-ს ახალი ფერიც გვანახა და აღნიშნა, რომ წინასწარი გაყიდვები პარასკევს დაიწყება, ხოლო სმარტფონების მიღებას 30 აპრილიდან შევძლებთ.