ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან ამნისტიის კანონის მიღება ისეთი ფორმულირებით, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც იქნება გავრცელებული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, ეროვნულ დონეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციითაა წარმართული, თუმცა მათი ქმედება მაინც უნდა შეფასდეს როგორც "არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა", ეს კი ევროპული კონვენციით, გამორიცხავს მათთვის ამნისტიის გამოყენებას.

ორგანიზაცია, რომელიც ამ აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტების ინტერესებს იცავს როგორც საქართველოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აცხადებს, რომ ამ პროცესს ჰქონდა დასჯის სახე.

"აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ძალის, დემონსტრანტთა დაკავებისა და შემდგომ პერიოდში სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელშეშლის და ამ საქმის გამოძიების არაეფექტიანობის გამო, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაცული წამების აკრძალვის, როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ნაწილების დარღვევასთან", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იგივე მოწოდება გაავრცელა დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ამნისტიის სამართალდამცველებზე გავრცელება მათ გაუჩნდეთ დაუსჯელობის განცდას სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პარტიების ერთობლივი ვახშმის შემდეგ გახდა ცნობილი.

გაიგეთ მეტი: