დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ პოლუსები, გარკვეულწილად, ყოველთვის იცვლიდნენ სივრცეში მდებარეობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბუნებრივი და ნორმალური პროცესია, გასულ თვეს ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევა ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილებამ პლანეტის დახრის კუთხის ცვლილების პროცესი, გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, მკვეთრად (17-ჯერ) ააჩქარა.

სატელიტებიდან გადაღებული სურათების საფუძველზე, მეცნიერებმა უკვე შეძლეს რამდენიმე პოლარული წანაცვლების შესწავლა, თუმცა ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ისიც შეისწავლეს, თუ როგორ იცვლებოდა ეს კუთხე 2002 წლამდე, სანამ ეს სურათები გახდებოდა ხელმისაწვდომი. Space.com-ის მიხედვით, მათ გამოიყენეს მონაცემები დედამიწაზე წყლის მოძრაობის შესახებ — ეს ინფორმაცია აჩვენებს, თუ როგორ მიმდინარეობს პლანეტაზე წონის გადანაწილება — და მას დაუმატეს მონაცემები წარმოსახვითი ღერძის გადახრის კუთხის ცვლილების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ ყინულის დნობისა და მიწისქვეშა წყლის რესურსების მზარდი მოხმარების შედეგად, პლანეტის წარმოსახვითი ღერძის დახრის კუთხის შეცვლის სიჩქარე არამხოლოდ 17-ჯერ გაიზარდა, არამედ მიმართულებაც კი შეიცვალა საპირისპიროდ.

"მიმართულების ცვლილების ყველაზე სავარაუდო გამომწვევი მიზეზი 1990-იან წლებში გლობალური დათბობის პირობებში ყინულის სწრაფი დნობა იყო", — განაცხადა თავის პრეს-რელიზში კვლევის თანაავტორმა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარმა, შენშენ დენმა.