ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდპასპორტის დანერგვა განიხილება და იმ ძირითად პარამეტრებზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც იქ აისახება.

"კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში. ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობთ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც", — განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს პასპორტი იმ პრინციპებზე იქნება აგებული, რა პრინციპებზეც იგება ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტი. მისივე თქმით, აღნიშნულზე სამუშაოები, სავარაუდოდ, ორი კვირის ვადაში დასრულდება.