ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მზადაა, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხდეს და ისე დატოვოს საპატიმრო, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაითხოვენ. ამის შესახებ მის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გთხოვთ თქვენ [ოპოზიციას] და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე", — წერს მელია.

აღნიშნულ განცხადებაში ნიკა მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება ამნისტიას სამართალდამცავებზეც გაავრცელებს და ოპოზიციას მოუწოდებს, ამ პროცესებში მონაწილეობა არ მიიღონ.

"არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას", — აცხადებს მელია და ამბობს, რომ ამნისტიის მიღება დააზიანებს როგორც ოპოზიციას, ისე მედიატერებს.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა წერია, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინონ ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავითარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამნისტია შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. პროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ამავე დღეს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

გაიგეთ მეტი: