Apple-მა iOS 14.5 გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია — App Tracking Transparency ფართო განხილვის საგანი გახდა. განახლების შედეგად, ამიერიდან Apple მოგვცემს საშუალებას ავირჩიოთ, გვინდა გვითვალთვალოს ამა თუ იმ აპლიკაციამ (ანუ ჩვენგან მონაცემები შეაგროვოს), თუ არა. ასეთი მონაცემები შეიძლება იყოს: ასაკი, ადგილმდებარეობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხარჯვასთან დაკავშირებული ჩვევები თუ ბრაუზერის ისტორია.

ხშირად აპლიკაციები ჩვენგან იმაზე მეტ ინფორმაციას იღებენ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება მათ გამოსაყენებლად. ამ მონაცემებს კი ისინი, ძირითადად, სარეკლამო მიზნებისთვის იყენებენ. ახლა კი Apple-ის მომხმარებლებს უკვე აქვთ არჩევანი, თუ რომელ აპლიკაციას რა ინფორმაციაზე მისცემენ წვდომას. სხვა ფორმით, სიახლის შესახებ, Apple-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან შეგიძლიათ შეიტყოთ.

"თქვენი ცოდნისა და თანხმობის გარეშე, თქვენი ინფორმაცია იყიდება", — ნათქვამია Apple-ის ვიდეოში. ახალი ფუნქციით კი ის მომხმარებლებისთვის არჩევანის მიცემას აპირებს. ეს სიახლე განსაკუთრებით დრამატულია Facebook-ისთვის, რომელიც მომხმარებელთა მონაცემებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ეს კი წარსულში, სოციალური ქსელისთვის არაერთი სკანდალის მიზეზი გამხდარა.

აღნიშნული ფუნქციის ამოქმედება Apple-ის მხრიდან თამამი ნაბიჯია, რომლის მოლოდინშიც კი Facebook საკმაოდ შფოთავდა. მაგალითად, წლის დასაწყისში მარკ ცუკერბერგმა Apple, სწორედ ამ კონფიდენციალობის პოლიტიკის გამო, მეტოქედ გამოაცხადა.

ასევე იხილეთ: Apple Facebook-ის უდიდეს მეტოქედ იქცა და მას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს — მარკ ცუკერბერგი