სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებები, "სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის".

საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიციის დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) გამეორების შემთხვევაში გაიზრდება სანქცია. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანი არაუგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ ეს მუხლები ყველაზე ხშირად მანიფესტაციების დროს, დემონსტრანტების დასაკავებლად გამოიყენება.

"პრაქტიკაში ეს მუხლები ყველაზე ხშირად შეკრებების და მანიფესტაციების დროს გამოიყენება - სამართალდამცავები, კონკრეტული საფრთხის ლოკალიზების თუ არიდების მიზნით, სწორედ აღნიშნული მუხლების დარღვევის საფუძველზე აკავებენ ხოლმე დემონსტრანტებს", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც საბჭოთა პერიოდშია შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული საკანონმდებლო აქტია და ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ სამოქალაქო სექტორი წლებია ითხოვს კოდექსის სისტემურ რეფორმას, ამის ნაცვლად კი ხელისუფლება ამკაცრებს სანქციებს არსებული რედაქციის მუხლებისთვის.

"იმ პირობებში როცა, სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივ ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს რეპრესიულ და სადამსჯელო კანონმდებლობას. აღნიშული ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება პოლიტიკური გამოხატვისთვის", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ ცვლილებებს და სანაცვლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმაზე დაიწყოს მუშაობა.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც. კერძოდ, მოქმედ კანონში წერია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო თუ ეს დაკავება არასამუშაო დროს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ საქმის განხილვამდე, თუმცა დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 48-საათიანი ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს. თუმცა ქართული ოცნება ცვლის არა ამ კონკრეტულ ჩანაწერს, არამედ ზრდის პირველ, 12-საათიან ვადას და მიზნად თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას ასახელებს.

გაიგეთ მეტი: