დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდპასპორტზე სამუშაოების დაახლოებით 90% უკვე დასრულებულია და ის უკვე გაიტესტა. ამის შესახებ გამყრელიძემ პირველ არხს განუცხადა.

"გუშინწინ გვქონდა ამ პასპორტის პირველი გატესტვა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ და შემდგომ უკვე საკოორდინაციო საბჭოზე წარვადგენთ მისი მოქმედების პრინციპს და თუ როგორ მუშაობს ეს კოვიდპასპორტი. რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ასევე შესაძლოა, მესამეც დაემატოს — გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90 % უკვე დასრულებულია", — აცხადებს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, კონცეფცია მომდევნო კვირას ჯანდაცვის სამინისტროს წარედგინება, შემდეგ კი მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება.

ამირან გამყრელიძემ 26 აპრილს თქვა, რომ სახელმწიფო მომხრეა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს ან დაწესებულებებს ჰქონდეთ შესაბამისი "პრივილეგიები" ანუ უპირატესობები.