საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანულ მხარესთან დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელესროგორც პრემიერი ამბობს, სამთავრობო კომისიები მუშაობას გააგრძელებენ.

"შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს მეგობრობასა და ძმობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით უფრო კონკრეტულად გახდება ცნობილი", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის პროცესში ერთ-ერთ სადაო მონაკვეთს დავით გარეჯის კომპლესში არსებულ მონასტრებზე გადის. გასული წელს საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომელიც საზღვრის სადაო მონაკვეთს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. მთავარ არგუმენტად მიიჩნევა 1936-37 წლებში გამოშვებული 1:200 000 მასშტაბის რუკა. თუმცა სახელმწიფო საზღვრის დამდგენ კომისიებს, როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის მხრიდან ამ დრომდე ერთობლივი სხდომა არ გამართულა.

აღნიშნული რუკის რელევანტურობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს. ამავე დროს ის მთავარი მტკიცებულებაა ე.წ. კარტოგრაფების საქმეში.

გასული წლის 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირებდა.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე: