პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს მოთხოვნით ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობა და ლანძღვა-გინება "მათ მიერ იარაღად უნდა იყოს გამოყენებული მომავალში".

"ლეგიტიმური ვეტო, რასაკვირველია, იქნება, თუკი პრეზიდენტი გამოიყენებს, მაგრამ, საფუძველი არ არსებობს ამისი. ოპოზიცია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ წვრილმანი ხულიგნობა, ხულიგნობა ზოგადად, ასევე, ლანძღვა-გინების ეს დამკვიდრებული კულტურა პოლიტიკურ ბრძოლაში არის ის, რაც მათ მიერ იარაღად უნდა იყოს გამოყენებული მომავალში", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციის ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, სალომე სამადაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა და იაგო ხვიჩიამ ისაუბრეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხზე სასაუბროდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში

29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.

ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  1. ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
  2. მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
  3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.