ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია — SpinCar ავრცელებს ინფორმაციას ქართული სტარტაპის — Pulsar AI-ის შესყიდვის შესახებ. ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული სტარტაპებისათვის, რადგან Pulsar AI ხდება პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit”-ით. უმოკლეს დროში, პულსარის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია და ქართული სტარტაპი უკვე SpinCar-თან ერთად განაგრძობს სვლას მილიარდიანი ღირებულებისაკენ.

Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად.

SpinCar is thrilled to announce the acquisition of Pulsar AI Inc., creator of the auto industry’s most advanced...

Posted by SpinCar on Tuesday, 11 May 2021

აღსანიშნავია, რომ Pulsar AI-იმ შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, მოწინავე ტექნოლოგია ავტომანქანის დილერებისთვის. პულსარის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება სპინქარის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან, მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში.

ფოტო: მეტა თეგებ

“პულსარის მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა შექმნეს დღესდღეობით არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. ძალიან გვიხარია მათი შემოერთება სპინქარის ოჯახში. მოუთმენლად ველით გამოვიყენოთ პულსარის გამოცდილება და ტექნოლოგიური მიღწევები უკეთესი ბიზნესშედეგების მოსატანად, ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებისთვის. აღნიშნული შენაძენი საშუალებას მოგვცემს, დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს კი ყველა შეხების წერტილში უფრო მიმზიდველსა და პერსონალიზებულს გახდის მომხმარებლისთვის მანქანის ონლაინ შეძენის პროცესს”, – ამბობს Devin Daly, სპინქარის თანადამფუძნებელი და CEO.

Michael Quigley, სპინქარის თანადამფუძნებელი და Chief Strategy Officer კი აღნიშნავს, რომ “პულსარის შესყიდვა, ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების მომავალ შენაძენებთან ერთად ავტო-სივრცეში, წარმოადგენს ჩვენი ზრდის სტრატეგიის მთავარ კომპონენტს.”

Pulsar AI-ის თანადამფუძნებლებმა - დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა, სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის, საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და მათ ერთად დააარსეს პულსარი. დაჩი ჭოლაძის თქმით, პულსარმა ამ პერიოდში შეძლო და შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. პულსარმა 2019 წელს სილიკონ ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში, უკვე გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit”-ით.

ასევე იხილეთ: ქართული კომპანია Pulsar AI სილიკონ ველის ინვესტორებმა $1,2 მილიონით დააფინანსეს

აღსანიშნავია, რომ ქართველ-ამერიკელი ანტერპრენერი, ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს Pulsar AI-ს და ეხმარებოდა გუნდს ავტოინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში არსებული უნიკალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში. პულსარი, ასევე, ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA).

როგორ და რაში იყენებს პულსარის ტექნოლოგიურ პროდუქტს სპინქარი

სპინქარი ავტოდილერებს და ავტოინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს, რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. სპინქარის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

პულსარის Conversational AI-ის პლატფორმა, ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით, როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან.

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა ზრდის ეფექტურობას და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ამას კი მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემისა და ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე მუდმივი შემახსენებელი გზავნილების გაცემით ახერხებს. ხოლო ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს, 24/7-ზე.

Pulsar AI-ის პროდუქტი ამ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. ტრადიციული ბიზნესმოდელის მქონე სადილეროებს უწევთ გაუმკლავდნენ ციფრული ტრენდების სწრაფ განვითარებას, რაც ბიზნესის ტრანსფორმაციის საჭიროებას კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის. სპინქარის მონაცემების სიმრავლე და ტექნოლოგიური აპლიკაციების გაფართოება ეხმარება ათასობით სადილეროს, გაზარდოს ეფექტიანობა მომხმარებელთათვის უწყვეტი და მეტად პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. შესაბამისად, დააკმაყოფილოს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები.

პულსარის შესყიდვის შემდეგ, სპინქარის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში.

“სპინქარმა დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი ათასობით ავტოდილერს შორის მსოფლიოს გარშემო და ჩვენ, ორივე კომპანია ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურ ყიდვა-გაყიდვის პროცესს. ინოვაციები, რომლებიც ჩვენ შევქმენით Conversational AI-ის მიმართულებით, აწესებს ახალ სტანდარტს ზოგადად დიალოგის ავტომატიზაციაში. სპინქართან შეერთება შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი Conversational AI ტექნოლოგიები”, — ამბობს დაჩი ჭოლაძე, პულსარის თანადამფუძნებელი და CEO.