Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ დატვიტა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემების გამო, ელექტრონული ავტომობილების კომპანია ბიტკოინებს აღარ მიიღებს.

განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი 10%-ით დაეცა. ასევე დაეცა Tesla-ს აქციების ღირებულებაც.

ამ წლის მარტში კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი კრიპტოვალუტასაც მიიღებდნენ, რასაც გარემოსდამცველებისა და ინვესტორების მხრიდან არც ისე კარგი რეაქცია მოჰყვა.

თებერვალში Tesla-მ გაამხილა, რომ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი — მსოფლიოს უდიდესი ციფრული ვალუტა ჰქონდათ შეძენილი, ამ კვირის ხუთშაბათს კი მათ უკან დახევა გადაწყვიტეს.

"ჩვენ გვაღელვებს წიაღისეული საწვავის მოხმარების ზრდა, რაც ბიტკოინის მოპოვებასთან და ტრანზაქციებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ეს ეხება ქვანახშირს, რომელიც, სხვა ყველა საწვავთან შედარებით, დამაბინძურებელი აირების ყველაზე ცუდი ემისიით ხასიათდება", — წერს მასკი. "კრიპტოვალუტა კარგი იდეაა... თუმცა ეს გარემოს ძალიან ძვირად უჯდება".

მან ისიც დაამატა, რომ Tesla თავისი ბიტკოინების გაყიდვას არ აპირებს და მიზნად ისახავს მათ გამოყენებას მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის მოპოვება უფრო მდგრადი ენერგიის გამოყენებაზე გადავა.

ბაზრის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით Tesla-ს ინვესტორების დამშვიდებას ცდილობს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა და მდგრადობაზე არიან ორიენტირებულნი.

"გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობის (ESG) საკითხები ახლა მთავარი მოტივაციაა ბევრი ინვესტორისთვის. Tesla-ს, რომელიც სუფთა ენერგიაზე ორიენტირებული კომპანიაა, შესაძლოა ESG-ს გარემოსდაცვით საკითხებზე მეტი მუშაობა დასჭირდეს", — განუცხადა BBC-ს ჯულია ლიმ Burman Invest-დან.

"თუმცა, შესაძლოა, ეს უბრალოდ კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს, რომლითაც ილონ მასკი კრიპტოვალუტის ბაზარზე ცდილობს გავლენის მოხდენას. როგორც გვახსოვს, მას ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია", — დაამატა მან.

გასულ თვეს Tesla-მ განაცხადა, რომ წლის პირველი სამი თვის მანძილზე კომპანიის მოგება, წინა წლის 16 მილიონ დოლართან შედარებით, 438 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბიტკოინების გაყიდვასა და გარემოსდაცვით სანდოობას უკავშირდება.

რა კავშირშია ბიტკოინის მოპოვება კლიმატის ცვლილებასთან? — ბიტკოინების მოპოვება ენერგო-ინტენსიური პროცესია, რომელიც უმეტესად იყენებს წიაღისეული საწვავის, კერძოდ კი ქვანახშირის წვის შედეგად წარმოებულ ელექტროენერგიას.

ასევე იხილეთ: ბილ გეიტსის აზრით, ბიტკოინის გამოყენება "არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა"

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტაზე ატმოსფეროში ნახშირბადის გარქვევის იმაზე დიდი წილი მოდის, ვიდრე ჩინეთის 10 უდიდეს ქალაქზე.

ბიტკოინის მხარდამჭერები კი აღნიშნავენ, რომ ძირითადი ფინანსური სისტემა, თავის ოფისებში კომპიუტერებთან მომუშავე მილიონობით დასაქმებულით ასევე დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, რომელიც ასევე წიაღისეული საწვავის წვის შედეგად მიიღება. .