ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, თათია გვარამაძის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ირგვლივ კითხვა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დაუსვა.

"ზრუნვის სააგენტო არის ის უწყება, რომელიც მეურვე-მზრუნველობის ორგანოს წარმოადგენს და რასაკვირველია, სოციალური მუშაკების ვალდებულებაა, რომ მოინახულონ ბავშვები, ნახონ მათი მდგომარეობა. 2020 წელს გვქონდა პრობლემა პანდემიის გამო, სოციალურ მუშაკებსაც მხოლოდ სატელეფონო საუბრები ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ადმინისტრატორთან ჰქონდათ. თუმცა 19 აპრილს სატელეფონო საუბარიც შედგა, სოციალურმა მუშაკებმა ადგილზეც ბავშვების მდგომარეობაც ნახეს, კარგად არიან. 29 აპრილსაც იყო შემდეგი ვიზიტი. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს და ამ მიმართულებით პრობლემა არ არის შექმნილი და სოციალური მუშაკები ჩვეულებრივ შედიან და ზედამხედველობენ ამ პროცესს", — განაცხადა გვარამაძემ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ომბუდსმენის აპარატში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. 7 მაისს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა სახელმწიფოს პანსიონატში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება დაავალა.