პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე ეყოლება და ეს იქნება გარანტირებული. ამის შესახებ მან პარლამენტში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუმცა, მისივე განმარტებით, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას პროფესიული ნიშნით შერჩეული მოადგილე შეასრულებს.

"შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, ქართული ოცნება რჩება ერთგული ამ შეთანხმების. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული. ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია, ვფიქრობთ, რომ დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები. დანარჩენ საკითხებს გადავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში", — განაცხადა ოხანაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ცესკო უნდა დაკომპლექტდეს 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, ამასთან, თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ გათვალისწინებულ უნდა იყოს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის საერთო შესწორებები, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 20 მარტს და დაკავშირებული იყო წარდგენილ ორ კანონპროექტთან, კერძოდ, პარტიის რეგისტრაციისა და დაფინანსების მიღების საკითხთან. საარჩევნო რეფორმის საბოლოო დოკუმენტი სწორედ ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს.