დმანისში ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ადგილობრივებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ შერიგდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომში აღარ გაგრძელდება ასეთი ფაქტი, ასეთი სიტუაციები. ყოველთვის გვირჩევნია მეც და ირგვლივ მყოფებსაც ისეთი სიტუაცია იყოს, როგორიც აქამდე იყო, მშვიდობიანი. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, დასასრული იყო ჩვენთვის ძალიან მისაღები. დიდი იმედი მაქვს, ამოწურულია კონფლიქტი", — განაცხადა დმანისის ადგილობრივმა მცხოვრებელმა, ამირან ნარსავიძე.

მუსლიმმა სასულიერო ლიდერმა, რომ კონფლიქტი აღარ გაგრძელდება და საბოლოოდ ამოიწურება.

"შორეულ ახლობელს, ახლო მეზობელი ყოველთვის ჯობია და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მერიის შენობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იყო დეპუტატი სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ამოწურულია.

"ისინი ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ვცხოვრობთ, ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ პრაქტიკულად. ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვადასხვა მხრიდან მოსულის და არც ადგილობრივების მხრიდან. ესენი აქ შერიგდებიან. მათი ოჯახები ერთად ცხოვრობენ, ერთად იცხოვრებენ მომავალშიც მშვიდად. მოვუწოდებ რომ ესკალაციას ნუ მისცემს ნურავინ ამ ვითარებას. მესმის, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ არაფერი სინამდვილეში არ ხდება. ვიმეორებ ისევ, რომ არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი რაღაც გაუგებრობა, რომელსაც აღარ უნდა მოჰყვეს შემდგომი გაგრძელება", — აღნიშნა სუბარმა.

ბოლო ორი დღეა დმანისში დაძაბული ვითარებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მაღაზიაში იღებდა კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ ფულს არ იხდიდა, 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ათეულობით ადამიანი ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდა.

დაპირისპირება გაგრძელდა დღესაც. მოსახლეობა ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა, მათ შორის დმანისის შესასვლელთან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ქალაქშიც მხოლოდ ადგილობრივებს უშვებდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ, რომ ის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.