საქართველოს საპატრიარქო ნეგატიურსა და უცნაურს უწოდებს დამასკოში ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ იოანესა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრას.

"რა თქმა უნდა, ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას. ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ გვქონია, მაგრა, ალბათ, დღის განმავლობაში რაღაცა ფორმას შეიძენს", — განაცხადა ჯაღმაიძემ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სირიაში ჩავიდა. ბჟანიას თან დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია ახლავს, რომლებმაც შეხვედრები გუშინ, 18 მაისიდან დაიწყეს.

ბჟანია დამასკოში ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ იოანეს შეხვდა. ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ბჟანია მოხსენიებულია, როგორც "აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი".

რუსეთის მოკავშირე სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა, რომლის შემდეგ თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მაგრამ აფხაზეთს ყველა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის ანტიოქია, მიიჩნევს, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელით.

სირიის დედაქალაქ დამასკოში, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. სავაჭრო სახლის გახსნაზე დე ფაქტო მთავრობის წევრებმა აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია — ღვინოები, მინერალური წყლები და ჩაი წარადგინეს.

დე ფაქტო ხელისუფლების მედია აფსნიპრესის ცნობით, სავაჭრო-სამრეწველო წარმომადგენლობის მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად იქნება მიმართული.