ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ სირცხვილიას აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ადგილზე მყოფი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქტივისტს უყვიროდა და ლგბტ სამკლაურის მოხსნას მოითხოვდა. მისი თქმით, აქციაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დარჩენილიყვნენ.

ამ სამკლაურით აქციაზე მისვლა ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პროვოკაციად შეაფასეს. ადგილზე მყოფ პირთა ნაწილი, აქტივისტებს შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით მიმართავდა.

რიონის ხეობის მცველების მაისურებით მყოფმა პირებმა კორიდორი გააკეთეს, რომ აქტივისტებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი აქციის მონაწილებს მიმართავდა: "პროვოკაციაზე ნუ ყვებით. გაუშვით არაფერი ხდება".

როგორც სირცხვილიას აქტივისტებმა აღნიშნეს აქციაზე ჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეთა მხარდასაჭერად იყვნენ მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს და "პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.

"ყველგან სადაც კი დავდივარ მიკეთია [სამკლაური], ჩემი კონკრეტული რაღაც განაცხადია ხო. არ მოვიხსნი-მეთქი და ყველას აქვს თავისი დროშა იქნება, თუ წარწერა. ამ ადამიანმა [ფალავანდიშვილმა], რა თქმა უნდა, ატეხა ერთი ამბავი. ვუხსნიდით წყნარად, რომ არაფერი მსგავსი ხდება, გვეძახეს პროვოკატორები. ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი, ვიღაცამ მითხრა რას გავხარო, ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი და ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ვიღაცეებს ჰგონიათ იქ, რომ მე პროვოკაციას ვდგამ.

გამომაგდეს აქციიდან, აქ ნუ დგახარო და ინტერვიუსაც ნუ აძლევო, ეგეც აკრძალულიაო. ძალიან მრცხვენია, მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად", — განაცხადა ბარკერმა ჟურნალისტებთან.

აქტივისტები დაპირისპირებული ჯგუფებიდან პოლიციამ გამოიყვანა. საბოლოოდ მათ აქცია დატოვეს.

"თუ რამე არ ჭირდება ამ აქციას არის დაპირისპირება, პირიქით ხალხის გაერთიანებაა საჭროა და ამის არიდების მიზნით ჩვენ თვითონ მივდივართ", — განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.