როგორ დავასრულოთ უხერხული საუბარი თავის მართლების გარეშე
ზრდილობის გარკვეული გაგება მოითხოვს, თავები მოვიკატუნოთ, რომ წამოწყებულ დიალოგს ჩვენი ნებით არასოდეს შევწყვეტდით. The Atlantic-ის ჟურნალისტი, ჯო პინსკერი ამტკიცებს, რომ ეს ეტიკეტის აბსურდული წესია.
თუ ყველაფერი კარგად წავა, მალე მოვა დრო, როცა სოციალური ინტერაქციები ისევ იფეთქებს. ოფისებსა და სკოლებში, ტროტუარებსა და კაფეებში ერთმანეთს ისევ ისე შევხვდებით, როგორც ამას 2019 წელს ვაკეთებდით.
ამ დროს საუბრის გაბმის მოჭარბებული სურვილი უკიდურესად მისასალმებელიც კი იქნება. თუმცა იმ ნაცნობ შეგრძნებას მაინც ვერსად გავექცევით, რომელსაც ყოველდღიური საუბრებისგან წარმოქმნილი უხერხულობა და დისკომფორტი იწვევს. თანამშრომელი, რომელიც გაუჩერებლად წუწუნებს; ჭორიკანა მეტროს მგზავრი, რომელიც წიგნის კითხვას არ გაცლის; მეგობრის მეგობარი, რომელიც წვეულებებზე თავს გაბეზრებს — ყველა ამ ადამიანს ერთი სული აქვს, კვლავ როდის გნახავს და დაგროვილ ამბებს მოგიყვება.
სოციალური ცხოვრების სრულად აღდგენამდე არსებული ეს პერიოდი შეგვიძლია იმის გასაცნობიერებლად გამოვიყენოთ, თუ რა გვსურს საუბრებისგან — უფრო კონკრეტულად კი, როგორ გვსურს მათი დასრულება.
ძირითად შემთხვევაში, ადამიანები ვერ ხვდებიან, როდისაა დიალოგის დამთავრების სწორი დრო. "საუბარი თითქმის არასდროს დასრულებულა მაშინ, როდესაც ეს ორივე მოსაუბრეს სურდა", — წერენ იმ კვლევის ავტორები, რომელშიც ცდისპირებს მათ საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებსა და უცნობებთან ბოლოდროინდელი ინტერაქციის შესახებ ეკითხებოდნენ. გამოკითხულთა დაახლოებით ორმა მესამედმა განაცხადა, რომ მათ საუბრის უფრო ადრე დასრულება სურდათ; საშუალოდ კი, ჯგუფი დაახლოებით 25%-ით ხანმოკლე საუბარს ამჯობინებდა.
გარდაუვალია, რომ ზოგი დიალოგი სასურველზე ხანმოკლე ან ხანგრძლივი მოგვეჩვენოს, რადგან ჩვენი და თანამოსაუბრის მოლოდინები იშვიათად თუ დაემთხვევა ერთმანეთს. ეს გარემოება ჩვენი კონტროლის მიღმაა, თუმცა ის კი შეგვიძლია, რომ მოსაუბრეს საკუთარი სურვილები გავაგებინოთ. ამის მიუხედავად, ჩვენ ხშირად ასე სულაც არ ვიქცევით. "წარმოიდგინეთ, როგორი გამაღიზიანებელი იქნებოდა, მეგობრებს რომ არასდროს სდომებოდათ ერთნაირი საჭმლის ჭამა, თუმცა მუდმივად რომ დაემალათ ეს ფაქტი ერთმანეთისგან", — წერენ კვლევის ავტორები, — "ასეთ სიტუაციაში მეგობართაგან ერთს პიცა რომ ჰყვარებოდა, მეორეს კი — სუში, შესაძლოა, ერთად გატარებული დღე ორივეს პაშტეტის სენდვიჩის ჭამით დაესრულებინა — ხშირად ჩუმად და ერთმანეთზე განაწყენებულებს".
მიზეზი, რის გამოც ადამიანები საუბრის სასურველ დროს დამთავრებას ვერ ახერხებენ, არის ის, რომ რთულია ერთდროულად სამი რამის კეთება: ინტერაქციის დასრულება, გულახდილობა და თავის ზრდილობიანად წარმოჩენა. "შესაძლოა, საუბრის დასასრულებლად საჭირო ისეთი სიტყვები ვერ გამოძებნოთ, როგორებიც თავს უზრდელად არ გაგრძნობინებთ, ამიტომაც იძულებული ხართ, სხვა ადამიანებს იმაზე მეტხანს უსმინოთ, ვიდრე გსურთ", — ამბობს რობერტ ფელდმანი, წიგნის, მატყუარა შენს ცხოვრებაში: გზა გულწრფელი ურთიერთობებისკენ, ავტორი.
ამგვარი სიტყვების გარეშე ადამიანები ხშირად იძულებულნი ხდებიან, თანამოსაუბრეს დიალოგის შეწყვეტის გულწრფელი თუ არაგულწრფელი მიზეზი გაანდონ. წვეულებაზე, შესაძლოა, სასმისის შევსება მოიმიზეზოთ, სამსახურში — მომავალი შეხვედრა ახსენოთ, ზუმში ყოფნისას კი, როცა ყველაზე რთულია მიზეზის მოფიქრება, ყველაფერი ინტერნეტს ან ქვაბში მოთუხთუხე კერძს დააბრალოთ.
ფელდმანი ამბობს, რომ ეს ტაქტიკა თავიდან გვარიდებს დანაშაულის გრძნობას, რომელსაც საუბრის დასრულება იწვევს, რადგან დიალოგს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ვწყვეტთ, რაც ზრდილობიან ქცევად აღიქმება. თუმცა, ეს ჟესტი რეალურად ძალიან სასაცილოა: ჩვენ რაღაც "ღირებული" მიზეზი გვჭირდება საუბრისგან თავის დასაღწევად, რაც იმ დაშვებას მოიაზრებს, რომ თითქოს იდეალურ ვარიანტში ჩვენ ლაპარაკს არასდროს მოვრჩებოდით.
საუბრის ერთი მძლავრი დამასრულებელი ფრაზაა, "ახლა კი გაგიშვებ" — ეს სხვისი გონების მართვის ჯედაისეულ ხრიკს წააგავს, რომელიც განხილვას იმსახურებს: თითქოს ისურვებდი, რომ საუბარი გაგრძელებულიყო, თუმცა გესმის, რომ სხვა ადამიანს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც აქვს გასაკეთებელი. რეალურად ეს იმის ირიბად თქმის გზაა, რომ საუბრის დასრულება გსურს, თუმცა ამას ისე ახმოვანებ, როგორც მეორე ადამიანის აზრს. ეს ფრაზა არაგულწრფელია, თუმცა, რადგან ამავდროულად მეორე ადამიანის ინტერესებზე აპელირებს, სოციალურად მიღებულ ფორმად ითვლება.
თუმცა, შეიძლება, საკითხს ზედმეტად ვართულებთ. "მერწმუნეთ, საუბრის დასრულებით ცოტა ადამიანი თუ რჩება განაწყენებული," — ამბობს ელისონ ვუდს ბრუქსი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი.
ბრუქსის აზრით, კონკრეტული გასამართლებელი მიზეზის მოყვანა რეალურად ისეთი საჭირო არაა, როგორც ადამიანებს ჰგონიათ. მისი რჩევა იმაზე, თუ როგორ სჯობს ზედმეტად დიდხანს გაგრძელებული სასიამოვნო ინტერაქციის დასრულება, ასეთია: "უბრალოდ, უთხარით მას ეს სიტყვები: სასიამოვნო იყო ეს საუბარი. კიდევ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ ახლა უნდა გავიქცე — მოგვიანებით გავაგრძელოთ". აქვე კიდევ რამდენიმე რჩევა: "მოგვიანებით გავაგრძელოთ" — ეს პირობა აუცილებლად უნდა შეასრულოთ, თუნდაც მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. ხოლო თუ საუბარი სასიამოვნო არ იყო, აუცილებელი არაა ამის აღნიშვნა. უბრალოდ, დაემშვიდობეთ და გზა განაგრძეთ.
ამ მხრივ ნიშანდობლივია ზემოხსენებული კვლევის ის ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ სიამოვნებთ ადამიანებს მათთან ლაპარაკი, ვისთანაც რეალურად იშვიათად ან საერთოდ არ საუბრობენ. ამას თუ ბრუქსის იმ დაკვირვებასთან გავაერთიანებთ, რომლის მიხედვითაც, ადამიანებისთვის საუბრის დასრულება პრობლემას არ წარმოადგენს, მივიღებთ პოსტპანდემიური სოციალიზაციისათვის გამოსადეგ მაქსიმას: თავიდან ნუ აირიდებთ საუბრებს, მაგრამ ნურც დიალოგის იმ მომენტში დასრულებას შეუშინდებით, როდესაც სათქმელი აღარაფერი გექნებათ.
ამ რჩევის პრაქტიკაში გამოსაყენებლად, ბრუქსი მოგვიწოდებს, რომ საუბრის დასრულების განსხვავებული ტაქტიკები მოვსინჯოთ, რათა ვიპოვოთ ის, რასაც თვითონ "თავდაჯერებულად გასასვლელ კომფორტის ზონას" უწოდებს.
იმედია, ამ ცოდნით შეიარაღებულები, პოსტპანდემიურ სოციალურ ინტერაქციებში ხალისითა და გამბედაობით ჩაერთვებით.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები