საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მაგრამ წუხან ევროპული საბჭს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო.

"ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ.

თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ ენმ-მ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა", — ვკითხულობთ საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების თანახმად, ენმ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის.

"ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის", — ნათქვამია საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.

30 მაისს ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი.