სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ინიციატივით გამოდის, რომ ახალი კანონი მიიღონ, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის დაზარალებულებს მისცემენ კომპენსაციას, დაუნიშნავენ პენსიას და დაუფინანსებენ მკურნალობის ხარჯებს. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"მე მინდა გთხოვოთ, რომ მოდით, ერთი საერთო აქტი ვუჩვენოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ყველამ ერთად. 20 ივნისს ჰყავს დაზარალებული ადამიანები, მოდით, ნუ დავიწყებთ გარჩევას, ვისი ბრალი იყო, იმიტომ, რომ ამაში ვერ ვთანხმდებით. ნუ დავიწყებთ იმის გარჩევას, ვინ არის დამნაშავე თუ უდანაშაულო ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ ვაღიაროთ, რომ არიან ადამიანები, რომლებამც დაკარგეს თვალი, დაუზიანდათ და დაუმახინჯდათ სიცოცხლე მთელი ცხოვრების მანძილზე და შევთანხმდეთ ერთ რამეზე.

მივიღოთ ყველამ ერთად კანონპროექტი, რომლითაც კომპენსაციას მივცემთ თითოეულ ადამიანს, ვინც დაზარალდა, ეს ერთი; დავუნიშნავთ სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიას თითოეულ მათგანს, ეს ორი და მესამე — დავუფინანსებთ სიცოცხლის ბოლომდე იმ ადამიანებს, ვინც თვალი დაკარგა და განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიიღო, დავუფინანსებთ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის მკურნალობის ხარჯებს, რომ არ ექნებათ მათ ხვალ და ზეგ საწუწუო ჯანდაცვის სამინისტროსთან, გადაურიცხავს თუ არა ის ფულს", — განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, თუ არიან პოლიცილები, რომლებმაც მსგავსი ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, როგორც მათ, ვინც თვალი დაკარგა, მაშინ თანახმაა, რომ მათზეც გავრცელდეს და არ იყოს ეს ცალმხრივი აქტი.

"ნუ გავარჩევთ ჩვენი ბრალი იყო, თქვენი ბრალი იყო, ვისი ბრალი იყო. უბრალოდ მივიღოთ ეს აქტი და ვთქვათ, რომ ამაზე მაინც ვთანხმდებით, რომ ამ ადამიანებს ექნებათ შესაბამისი კომპენსაცია სიცოცხლის ბოლომდე. მე ეს კანონპროექტი მომზადებული მაქვს, მაგრამ არ დაგვირეგისტრირებია. ხვალიდან, შევეცდები, რომ ინდივიდუალურად თითოეულმა პარლამენტარმა მიიღოს და ვინც დაეთანხმებით, მოდით, ის ადამაინები გავერთიანდეთ და ეს კანონი მივიღოთ", — თქვა მან.

მე-10 მოწვევის პარლამენტში ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტებს განიხილავენ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას, ჯერჯერობით, პოზიციები არ დაუახლოვებიათ და ერთ ვერსიაზე არ შეთანხმებულან.

8 ივნისს ამნისტიის კანონპროექტის მოსმენა ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე არყოფნის გამო გადაიდო. პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის. 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემქნილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო.