ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან უკვე 30 ბავშვია გაყვანილი და 23 რჩება. მისივე განცხადებით, მუშაობენ ოჯახების მოძიებაზე, მათ გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახში ინტეგრაცია.

ბარკალაიას თქმით, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, ის წახალისებული იყოს. მისივე თქმით, როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დააფიქსირეს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა.

საპატრიარქოს განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მათი ინიციატივით შედგა. მიზეზად საპატრიარქოში იმას ასახელებენ, რომ ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს "ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ".

შეხვედრას ესწრებოდნენ ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამისი თანამშრომლები. გაეროს ბავშვთა ფონდისა (Unicef) და World Vision-ის წარმომადგენლები.